ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ

 

27.04.2017, პრაღა - 2017 წლის 26-27 აპრილს, პრაღას სამუშაო ვიზიტით ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელმაც უხელმძღვანელა ვიზიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგ რაუნდს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის. კონსულტაციებს ჩეხეთის მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაკუბ დიური.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკონომიკის, კულტურის, განათლების, გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ორმხრივი ვიზიტების და შეხვედრების აქტიური დინამიკა და ხელი შეუწყონ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რისი პოტენციალიც, ქვეყნებს შორის, საკმაოდ დიდია. საუბარი ასევე შეეხო საპარლამენტო დონეზე განვითარებულ მჭიდრო თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობები და ვიზიტები საკმაოდ დინამიურ ხასიათს ატარებს. ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბრისას, ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა ჩეხეთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. იაკუბ დიურის თქმით, ჩეხეთი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ამ მიმართულებით. საუბრისას, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას  საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც.ვახტანგ მახარობლიშვილი შეეხო ვიშეგრადის ჯგუფის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს და  ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა ვიშეგრადის ფონდის ეგიდით საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტებისთვის. ყურადღება ასევე გამახვილდა 12 აპრილს ვარშავაში გამართულ ვიშეგრადის ჯგუფის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მინისტერიალზე და ვიშეგრადის ჯგუფის მინისტრების ერთობლივ განცხადებაზე, რომელშიც მკაფიოდაა მხარდაჭერილი პარტნიორებისათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება.განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები და ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.   იაკუბ დიურმა ქართულ დელეგაციას მიულოცა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება და დაადასტურა შემდგომი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი. ვახტანგ მახარობლიშვილმა ჩეხ კოლეგას გააცნო ქართული მხარის დღის წესრიგი და მოლოდინები მ/წლის ნოემბერში დაგეგმილ “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით, რაც ჩეხეთის მხარემ სრულად გაიზიარა. რაც შეეხება ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობას, ჩეხმა დიპლომატმა მადლიერებით აღნიშნა საქართველოს უზარმაზარი წვლილი ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში. მისი თქმით, ჩეხეთი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას.  შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მნიშვნელობაზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა იაკუბ დიურს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში  არსებულ  ვითარებაზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევებზე და შექმნილ სიტუაციაში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური რეაგირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამავე კონტექსტში, მადლობა გადაუხადა  ჩეხეთის მხარეს საგარეო უწყების მიერ განცხადების გაკეთებისთვის. ჩეხმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრები ასევე გამართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ივო შრამეკთან, პარლამენტის  სენატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ვაცლავ ჰამპლთან, დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ონდრეი ბენეშიკთან და ევროპულ საკითხებში ჩეხეთის მთავრობის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან იან კრალთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებული პერსპექტივები, მოლოდინები და ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ საქართველოს  ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ჩეხეთის, როგორც მეგობარი ქვეყნის, მხარდაჭერის იმედი.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ