ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

დამკვირვებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ არჩევნებმა ზოგადად მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩაიარა და გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. ნიშანდობლივია, რომ დამკვირვებელთა შეფასებით, საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას.ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული და მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები იყო ძირითადად დაცული. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადებითად იქნა შეფასებული საარჩევნო სიების სიზუსტე და აღინიშნა ამ კუთხით არჩევნების მონაწილეთა გაზრდილი ნდობა.ერთობლივ განცხადებაში აგრეთვე ხაზგასმულია ქვეყანაში არსებული პლურალისტული მედია გარემო და პოზიტიურადაა აღნიშნული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობა როგორც პროპორციულ, ასევე, მაჟორიტარულ სიებში. ცესკო-ს მუშაობა ყველა დონეზე შეფასდა, როგორც პროფესიონალური და დროული. ამასთან, დაფიქსირდა, რომ ცესკო სარგებლობდა ყველა მხარის ნდობით. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი განსაკუთრებით აღნიშნავს ქალთა როლის ზრდას საარჩევნო პროცესებში, მათ შორის საარჩევნო კომისიებში მონაწილეობის კუთხით. 9 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და  სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც  წინგადადგმული დიდი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიის კონსოლიდირების პროცესში.სუამ-ის დელეგაციის შეფასებით, არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი და შეესაბამებოდა ეუთო-სა და ევროსაბჭოს სტანდარტებს.მიუხედავად რამდენიმე ინციდენტისა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციამ, თავიანთ განცხადებაში აღნიშნეს, რომ მთლიანობაში ამ ფაქტებს არ მოუხდენიათ გავლენა ქვეყნის მასშტაბით არჩევნების შედეგებზე.ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ არჩევნებით, საქართველომ განიმტკიცა რეგიონში ლიდერის სტატუსი დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით. მისი თქმით, აღნიშნული არჩევნები იყო დამატებითი სტიმული იმ ხალხისთვის, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი  გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი. განცხადებაში დადასტურებულია ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სტაბილური, წარმატებული და დემოკრატიული მომავლისადმი. ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლები გამოთქვამენ მზადყოფნას, საარჩევნო პროცესების დასრულების შემდეგ, ითანამშრომლონ ქვეყნის მომავალ, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტთან და მთავრობასთან, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმებით საფუძველზე პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირები თაღნიშნა, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ახალგაზრდა დემოკრატიის სიმწიფე და გამართულობა. მისივე თქმით, არჩევნები ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა, რითაც ქართველმა ამომრჩეველმა ნათლად აჩვენა, რომ ისინი ევროპასთან დაახლოების მტკიცედ განსაზღვრულ პოლიტიკას და მასთან დაკავშირებულ რეფორმებს კვლავაც დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს. ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის ჩატარება მიულოცა ევროპისა და ამერიკის საკითხებზე გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ალან დუნკანმა. მან გაიზიარა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებები და მოუწოდა პოლიტიკურ ლიდერებს, პატივის სცენ ქართველი ხალხის ნებას და დაადასტურონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიული პროცესებისადმი. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა იმ ფაქტს, რომ 8 ოქტომბერს საქართველოში გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა უზრუნველყო დემოკრატიული პროცესი, იყო კარგად ორგანიზებული, ჩატარდა პოლიტიკური კონკურენციისა და ძირითადი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების ფონზე.ლატვიის მსგავსად, ქართულ მხრეს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა ესპანეთის მთავრობამ. მათი მხრიდან გამოითქვა სურვილი კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირი და განმტკიცდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედების გზით. 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დამკვირვებელთა ნაწილი რჩება საქართველოში და მონიტორინგს გაუწევს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას. 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ