საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის განახლებული რეგულაციები

COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები

ყურადღება! შეიცვალა საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის რიგი წესები და პირობები

 

2021 წლის 1 თებერვლიდან, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამოქმედდა საქართველოში შემოსვლის ახალი წესები და პირობები:

კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა.

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა

საქართველოს მოქალაქეებისათვის

  1. საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით;
  2. საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);

ამასთან, პირები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

უცხოელებისათვის

საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის უფლება აქვთ ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
  • ისრაელის სახელმწიფო
  • შვეიცარიის კონფედერაცია
  • ნორვეგიის სამეფო
  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
  • საუდის არაბეთის სამეფო
  • კატარის სახელმწიფო
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • ბაჰრეინის სამეფო

საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • საქართველოში უნდა გამოემგზავრონ საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით. (სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია);
  • სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
  • პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას. ამ შემთხვევაში, PCR ტესტის საზღვარზე წარდგენა, ისევე როგორც, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.