საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე პრაღაში

ა.წ. 23 მაისს, ქ. პრაღაში გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რასაც ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, სახელმწიფო უწყებების, კულტურისა და აკადემიური წრეების, ჩეხეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. მიღებას ესწრებოდა ასევე, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ბ-ნი ზურაბ აბაშიძე.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-ნმა ზაალ გოგსაძემ. მან ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, ჩვენი ქვეყნის მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობებზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე წელს აღინიშნება ასევე, საქართველოსა და ჩეხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი და მადლობა გადაუხადა ჩეხეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.
ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ ასევე, ჩეხეთის პრეზიდენტის აპარატის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი რუდოლფ ინდრაკი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პოლიტიკური დირექტორი, ბ-ნი ივო შრამეკი. რუდოლფ ინდრაკმა გაახმოვანა ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის გზავნილი: „საქართველო ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მოკავშირე და მთავარი პარტნიორია რეგიონში. ჩვენი ურთიერთობები მყარ და სტაბილურ საფუძველსა და საერთო ღირებულებებზეა აგებული. ჩეხოსლოვაკიის მსგავსად საქართველოს მოუწია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ისევე როგორც ჩეხეთის, საქართველოს მოსახლეობამ მრავალ ქარ-ტეხილს გაუძლო, რამაც ჩვენი ხალხი ამაყ, მიზანმიმართულ და ამავდროულად მგრძნობიარე პიროვნებებად ჩამოაყალიბა. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და გულითადად მოგილოცოთ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფოებრიობის 100 წლის იუბილე. ვუსურვებ საქართველოს მშვიდობას, წარმატებებს, კეთილდღეობას და მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მეგობრობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“. 
ივო შრამეკმა ისაუბრა ჩეხეთ-საქართველოს მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. 
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სამადლობელი წერილები საზეიმოდ გადაეცათ ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტში მოღვაწე პედაგოგებს: ქ-ნ მაია დარჩიასა და ქ-ნ ლელა ჟორჟოლიანს, ჩეხეთში ქართული ენისა და კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი უანგარო წვლილისათვის.
საზეიმო მიღების ფარგლებში გაიმართა გამოფენა: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, წარმოდგენილ იქნა ბროშურა: „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“. ქართული ფოლკლორული ჯგუფის „ჰერიოს“ მიერ შესრულდა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნები და ქართული ხალხური სიმღერები. 
მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო.